რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 18 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედრო

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, რაც, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღებას ისახავს მიზნად. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ოკუპანტები დონბასში ქვედანაყოფთა მობილიზაციას ცდილობენ. 18 აპრილს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რუბიჟნეზე, პოპასნასა და მარინკაზე მძიმე საარტილერიო მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი თავდასხმები განახორციელეს. თუმცა, ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ შეძლეს.

ნაკლებად სავარაუდოა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის თავდასხმები წინა შეტევებზე წარმატებული იყოს, თუმცა შესაძლოა შეზღუდულ წინსვლას მიაღწიონ და უკრაინის სამხედრო ძალები დათრგუნონ. ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან გამოყვანილი ქვედანაყოფების ძალების აღდგენისთვისა და აღმოსავლეთ უკრაინის ოპერაციებში ჩასართველად აუცილებელი იყო შესვენება, რისი საშუალებაც რუსეთმა ქვედანაყოფებს არ მისცა. არასწორი საბრძოლო ტაქტიკა ზნეობრივ კრიზისსა და მუდმივ ლოჯისტიკურ პრობლემებზე მიუთითებს. ამასთან ერთად, ქვედანაყოფების ნაწილი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

რუსეთის სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარების ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო ძალის დიდი რაოდენობით დათრგუნვას შეძლებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები დაიწყეს.
  • სამხედრო ტექნიკისა და ქვედანაყოფთა კონცენტრაციით ოკუპანტებმა, შესაძლოა, ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიონ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ეს შეტევა იყოს უფრო წარმატებული ვიდრე ძირითადი თავდასხმები კიევის გარშემო. რუსეთის სამხედრო ძალებს აღენიშნებათ ცუდი კოორდინაცია, ქვეყნებს შორის ოპერაციების ჩატარების შეუძლებლობა და დაბალი მორალი - რამაც შეაფერხა წინა შეტევები.
  • უკრაინის სამხედრო ძალების წარმატებული კონტრშეტევები ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოკუპანტებს იზიუმისკენ გადასვლას აიძულებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ქვედანაყოფებმა რუსეთის ჯარები იზიუმის ჩრდილოეთით სრულად დაამარცხონ.
  • მარიუპოლში უკრაინელი დამცველები რუსეთის მძიმე არტილერიისა და საჰაერო დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.

რუსეთის ქვედანაყოფები საომარ მოქმედებებში ჩართვაზე უარს ამბობენ. ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, “მეორე ეშალონის” ჩამოსაყალიბებლად როსტოვსა და ყირიმიდან ახალწვეულების გაგზავნა დაიწყეს, რათა ქალაქებში სტრატეგიული ობიექტები დაიკავონ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი დირექტორის ინფორმაციით, ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ ომში მონაწილეობაზე, იზრდება. GUR-მა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო პირების ოჯახებს ემუქრება, რომლებიც ბრძოლაზე უარს ამბობენ.

დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში, რუსეთის ფრთოსანმა რაკეტებმა უკრაინაში ავტომობილების სარემონტო მაღაზიას დაარტყეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა  ლვოვში ლოჯისტიკური ცენტრი გაანადგურეს, რომელიც გამოიყენება უკრაინაში შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან შემოსული იარაღის შესანახად. ოკუპანტები დასავლეთიდან მიღებული სამხედრო დახმარების შეზღუდვას ცდილობენ, თუმცა ამისთვის შესაბამისი საბრძოლო ტექნიკა არ გააჩნიათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები