რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მინდა დამიმახსოვრონ ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, თუმცა, არ არის გმირი

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ხალხმა სიცოცხლის მოყვარულ, ჩვეულებრივ ადამიანად გაიხსენოს, რადგან იგი თავს გმირად არ თვლის. 

იმის ფონზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ჯერ კიდევ კრემლის მთავარი სამიზნეა, მას სურს დაიმახსოვრონ, როგორც თავის ოჯახსა და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი.

"მინდა დამიმახსოვრონ, როგორც ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე მთელი არსებით უყვარდა. უყვარდა თავისი ოჯახი და სამშობლო, თუმცა, ნამდვილად არ არის გმირი. მინდა, ხალხმა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ - ჩვეულებრივი ადამიანი". 

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის მძიმე დღეებში უკრაინელი ხალხი ესახება ნამდვილ გმირებად. ასევე, ოჯახზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილებმა იამაყონ.

"ჩვენი ხალხი, ისინი მართლაც განსხვავებულები და განსაკუთრებულები არიან. მე არ მაქვს უფლება, ვიყო მათზე ნაკლები.

მომენტებში, როდესაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა, ვფიქრობ მათზე, ადამიანებზე სარდაფებში, რას გრძნობენ ისინი, რომლებმაც საკუთარი შვილები დაკარგეს, რას გრძნობენ ჩვენი მეომრები და ვხვდები, რომ ვალდებული ვარ, ვიყო მათ შორის უძლიერესი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემკენ მომართული მზერა ჩემი შვილების თვალებია. ისინი ჩემით უნდა ამაყობდნენ". - ამბობს ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში.

კომენტარები