უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის სრულად დაკავება ვერ შეძლეს, მაგრამ ქალაქში სიტუაცია ყოველ წუთს მძიმდება.
"მდომარეობა მარიუპოლში მძიმეა და კიდევ უფრო მძიმდება. ბრძოლა ახლა მიმდინარეობს. რუსულ არმიას განუწყვეტლივ უერთდებიან დამატებითი დანაყოფები ქალაქის შტურმისთვის". - ამბობს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსულმა ძალებმა ქალაქის ილიჩის ფოლადის ქარხანა დაიკავეს, მაგრამ ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს. ვარაუდობენ, რომ უკრაინელი სამხედროები ძირითადად აზოვსტალში, კიდევ ერთ ფოლადის ქარხანაში იმყოფებიან.
ორივე ქარხანა Metinvest-ს ეკუთვნის, რომელიც უკრაინის ბიზნესსექტორის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. Manivest-ის წარმომადგენელმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ კომპანია თავისი საწარმოების რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არსებობს არ დაუშვებს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მარიუპოლს დაიკავებს, ეს იქნება პირველი დიდი უკრაინული ქალაქი, რომელიც დაეცემა.
უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





