რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქნირში: ვიცით, საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია

იმედი

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომსაქართველო საერთაშორისო სანქციებს ახორციელებს და, მისივე სიტყვებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეშვეობით სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

"ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშნველოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.

ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც არის ჩვენთან ერთად და მუშაობს, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინის დასაცავად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად". - ამბობს ქნირში საზოგადოებრივ მაუწყებელთან.  

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს". 3 აპრილს კი საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო უკრაინის პრეზიდენტმა ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ელჩი ქვეყნიდან საბოლოოდ 31 მარტს გაიწვია.

იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაში იყო ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

კომენტარები