რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: დვორნიკოვის ტაქტიკა რუსეთის აქამდე არაეფექტურ სამხედრო დაგეგმვაზე მიუთითებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ნათქვამია, რომ ალექსანდრ დვორნიკოვის ომის მეთაურად დანიშვნა "ძალების ცენტრალიზებისა და კონტროლის" მცდელობას წარმოადგენს. 

ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უტევს დონბასს. 

"დვორნიკოვის ახალი ტაქტიკა კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმას, თუ როგორ არაეფექტიანად მოქმედებდნენ აქამდე რუსეთის სამხედრო ძალები". - ვკითხულობთ ანგარიშში.  

რუსეთმა უკრაინაში სარდლები გასულ კვირას შეცვალა. მას შემდეგ, რუსეთის სამხედრო ოპერაციებს გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობს.  

რუსეთის ახალ მთავარსარდალს, ალექსანდრ დვორნიკოვს სირიაში საბრძოლო ოპერაციების დიდი გამოცდილება აქვს. აქამდე დვორნიკოვი რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის მეთაური იყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები