ტაბულაზე აღნიშნული მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით - "დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება – საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან". თუმცა, მოგვიანებით, მარიუპოლის მერის თანაშემწემ, პეტრო ანდრიუშჩენკომ FACEBOOK-ზე დაწერა, რომ ინფორმაცია ყალბია, რადგან ის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის ყალბ ანგარიშზე გამოქვეყნდა.
ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფზე ინფორმაცია სხვადასხვა მედიამ გაავრცელა, მათ შორის BBC-მ, რომლის მიხედვიტაც ქვეითები წერდნენ, რომ შესაძლოა, დღეს რუსეთის წინააღმდეგ "უკანასკნელი" ბრძოლა ჰქონდეთ. საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად 47-დღიანი ბრძოლის შემდეგ რუსულმა ძალებმა ისინი ალყაში მოაქციეს.
"დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან სამხედრო ტექნიკა იწურება. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, დანარჩენებისთვის კი - ტყვეობა". -აღნიშნულია წერილში.
საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ დაჭრილთა უმრავლესობა, რომელთაც ჯერ კიდევ ყველა კიდური აქვთ, დღევანდელი ბრძოლისთვის უკან ბრუნდებიან - მარიუპოლის დასაცავად მათ ყველაფერი გააკეთეს, "შესაძლებელიც" და "შეუძლებელიც".
ქვეითი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ, მარიუპოლისთვის უკანასკნელ ბრძოლაში ოკუპანტების წინააღმდეგ არტილერიის წევრები, ანტისარაკეტო ძალები, რადიოოპერატორები, მძღოლები, მზარეულები და ორკესტრის წევრები ერთიანდებიან.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საპორტო ქალაქში, სავარაუდოდ, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.
ასევე, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





