11 წლის ბავშვის საქმე

გორში 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

Tabula

გორში 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ინტერპრესნიუსს მოზარდის დედამ დაუდასტურა. 

IPN-ს ცნობით, საქმეზე ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის დედის ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახს სწორედ ნებიერიძემ მიაწოდა.

ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ტაბულა მეტი ინფორმაციის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეს, ზაქრო ბერძნიშვილი, 18 წლის წინ, საკუთარი სახლის ეზოდან დაიკარგა. ამ დროს მის ოჯახში ავტოფარეხს იაგო ნებიერიძე, მამასთან ერთად აშენებდა.

ბავშვის გაუჩინარებიდან სამ კვირაში ბერძნიშვილების ოჯახმა ბავშვის გამოსასყიდად 20 ათასი დოლარის მოთხოვნით ანონიმური წერილი მიიღო. პოლიციამ ნებიერიძე დააკავა, მაგრამ მას ბავშვის გატაცება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის მუხლით გაასამართლეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე 2018 წელს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის გატაცების, ძალადობის და მკვლელობის ბრალდებითაც დააკავეს, გაასამართლეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სწორედ ამ საქმის წარმოების დროს თქვა მან, რომ 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი იცის.  მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხედრის ძებნა დაიწყო, თუმცა კვალს ვერ მიაკვლია და 2019 წელს, სამთვიანი მცდელობის შემდეგ ძებნა შეწყვიტა. 

 

კომენტარები