9 წლის გოგონას მკვლელობა

გორში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

qartli.ge

გორში 9 წლის გოგოს მკვლელობასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს. ის ითხოვდა, რომ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო გაესამართლებინათ.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ.გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში, ი.ნ.-მ ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის გოგონა შეიტყუა, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა. ჩადენილ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი.ნ.-მ არასრულწლოვანს მკვრივი-ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ნ.-მ გოგონას გვამი ქ.გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში 9 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს. გოგო სახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

ბრალდებული პოლიციამ იმავე ღამეს დააკავა. იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. როგორც შემდეგ გაირკვა, ის 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალი ვერ დაუმტკიცდა და მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის მოიხადა სასჯელი. გარდა ამისა, ნებიერიძე ნასამართლევია ყაჩაღობისთვისაც.

2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. ამ საქმესთან დაკავშირებით გორში საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა.

კომენტარები