Океан Ельзи

ОКЕАН ЕЛЬЗИ-ს წევრი რუსებს: თქვენ გაზარდეთ ის ნაძირალები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს კლავენ

უკრაინელმა მუსიკოსმა და პოლიტიკოსმა, როკ ბენდ Океан Ельзи-ს ფრონტმენმა რუს ხალხს მიმართა.

"მრავალი დღე რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები მიკავშირდებიან, მეკითხებიან აზრს, მე არაფერი მაქვს მათთვის სათქმელი, თუმცა არა, მაქვს. აი რას გეტყვით, თითოეული თქვენგანი რუსი ხალხის ნაწილია, თქვენ გაზარდეთ და გამოკვებეთ, ეს ნაძირალები, ნა**ვრები, მხეცები, რომლებიც დღეს, ანადგურებენ ჩვენს სახლებს, კლავენ მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს, აუპატიურებენ, მარადიორობენ. თქვენ მოიყვანეთ ხელისუფლებაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ბრძანებებს გასცემს, დამიზნებით ანადგურებს ჩვენს სამშობიაროებს, მოხუცთა თავშესაფრებს, რკინიგზის სადგურებს, სავსეს ათასობით ადამიანით, რომლებიც თქვენი "რუსული სამყაროსგან" გაქცევას ცდილობენ. თქვენ დუმდით, როდესაც უნდა გელაპარაკათ და გემოქმედათ. როდესაც პუტინი, ვისი მეორე სახელია ანტიქრისტე, მოვიდა ხელისუფლებაში თქვენ დუმდით, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, თქვენ ასევე დუმდით, შემდეგ, როდესაც რუსეთმა უნამუსოდ წაგვართვა ყირიმი, დიახაც წაგვართვა, მოგვპარა, მრავალი თქვენგანი გულის სიღრმეში ამაყობდა ამით, ზოგი თქვენგანი ხმამაღლა ამბობდა, რომ ყირიმი მშობლიურ ნავსადგომში დაბრუნდა. შემდეგ, 8 წელი, როდესაც თქვენი ქვეყანა დონბასში საზარელ ომს აწარმოებდა, არ გეყოთ სიმამაცე, რომ ათასობით, ასიათასობით, მილიონობით გარეთ გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ ეს საშინელი მოვლენები. არადა ადრე შეგეძლოთ, 1991 წელს, მოსკოვის ქუჩებში მილიონი ადამიანი გამოვიდა, რათა ბოროტების იმპერია დაემხო, მაგრამ ეს ადრე იყო, ახლა კი, მხოლოდ ფეისბუქის პოსტებითა და ტელეფონით გამოთქმული მწუხარებით შემოიფარგლებით. ჩვენ არ გვჭირდება მხარდაჭერა ტელეფონით და ფეისბუქით, ჩვენ გვჭირდება მოქმედება. საზღვარგარეთ, მყუდრო სასტუმროებსა და სახლებში მოკალათებულნი მსჯელობთ რუსული სულის ამოუხსნელობაზე, იმაზე რა იქნება შემდეგ და იმაზე, თუ როგორ დაინგრა თქვენი ცხოვრება, ეგ აზრები სხვებს გაუზიარეთ, თქვენი ცხოვრება არ დანგრეულა, ცხოვრება დაენგრა მათ ვინც დღეს ხელებშეკრული, მკვდარი წევს ბუჩასა და ბოროდიანკაში, ცხოვრება დაენგრა მათ, ვინც, გაქცევას ცდილობდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურიდან და რუსული რაკეტებით განადგურდა, ცხოვრება დაენგრა მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი, ცხოვრება დაენგრათ მათ, ვისაც თქვენ ამდენი წელი ძმებს ეძახდით. ამიტომ ჩვენ არასდროს განვასხვავებთ ერთმანეთისგან მათ ვინც კლავდა და ბრძანებას გასცემდა, იმათგან ვინც დუმდა და არაფერს აკეთებდა. განსაკუთრებულ და გულწრფელ მადლობას ვუხდი მათ, ვინც საპროტესტო აქციაზე გავიდა ან საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმ მხეცობებზე, რომლებსაც რუსეთის ხელმძღვანელობა და არმია სჩადის. ამ ადამიანების რიცხვი მცირეა, მაგრამ ისინი არსებობენ, ისინი გვახსოვს და მათ ვაფასებთ. ასევე არასდროს დავივიწყებთ მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მათ, ვინც, ამდენი წელი ჩუმად იყო. არასოდეს დაგვავიწყდება და არასოდეს ვაპატიებთ". – ამბობს 

სვიატოსლავ ვაკარჩუკი Океан Ельзи-ს დამფუძნებელი წევრი და ფრონტმენია. 2004 წელს აქტიურად უჭერდა მხარს ვიქტორ იუშენკოს და მონაწილეობდა ნარინჯისფერ რევოლუციაში. 2007 წელს გახდა უმაღლესი რადის დეპუტატი, ერთი წლის მერე საკუთარი სურვილით დატოვა რადა. 2013-2014 წლებში ჩართული იყო ევრომაიდანის საპროტესტო აქციებში. 2019 წელს გახდა პარტია Голос-ის ლიდერი, მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და მეორედ გახდა უმაღლესი რადის წევრი. ერთი წლის შემდეგ ვაკარჩუკმა კვლავ დატოვა რადა. 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ ჩაეწერა ლვოვის სამხედრო ნაწილებში.

ვაკარჩუკი ბენდთან ერთად 2022 წლის Tbilisi Open Air-ის მთავარი ჰედლაინერია.

კომენტარები