რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კახიძე: რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება პრემიერის განცხადებას წინ უნდა უძღოდეს

პრემიერმინისტრმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ამოთქვა, რომ საქართველო არ დაუშვებს სანქცირებული ტვირთის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით.

ეს სწორი განცხადებაა, ოღონდ მას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს შემდეგი სამი ნაბიჯი:

1. ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობის 372-ე დადგენილებაში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ.

აღნიშნულ ნორმატიულ აქტში საჭიროა გაკეთდეს შენიშვნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის - საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შემოღებულ სანქციებზე მითითებით.

საჭიროა ოდკბ-ს წევრებისა და რუსეთის მოკავშირეების, ასევე ზოგადად, სანქციებს ვინც არ შეუერთდა, ასეთი ქვეყნების მოცვა.

2. უკრაინის მთავრობასთან და საქართველოს სხვა პარტნიორებთან ერთად უნდა გადაიხედოს მთავრობის 394-ე დადგენილება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ, რომ თავი დავიზღვიოთ და არ გამოგვრჩეს ამგვარი პროდუქციის რომელიმე სახეობა, რადგან ნუსხა 2015 წელსაა დამტკიცებული და შესაძლოა განახლება სჭირდებოდეს.

3. უკრაინის დაზვერვის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის და ზოგადად, მომეტებული რისკების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ უნდა გადაკონტროლდეს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო და ტექნიკური დახმარების ნებართვების მქონე ყველა კომპანია და მათი საქმიანობა, როგორც მინიმუმ, სანქციების შემოღების დღიდან მოყოლებული. ასევე, ზოგადად უნდა გამკაცრდეს რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი.

აი, ამ ყველაფერს ბოლოს უნდა მოყვეს უკვე პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი განცხადება, რომ მკაცრად გაკონტროლდება და დაისჯება ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას და რუსეთის ფედერაციაში ჩვენი ტერიტორიის გავლით მოხვდეს სანქცირებული პროდუქცია.

წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სანქცირებული პროდუქციის გატანას საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით.

კომენტარები