რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: მორავიეცკის ნათქვამი უსაფუძვლოა, სხვებისგან განსხვავებით, არ ვარ გულუბრყვილო

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერმინისტრს მატეუშ მორავიეცკის გამოეხმაურა, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების გამო. მაკრონმა პოლონეთის პრემიერმინისტრის ნათქვამს "უსაფუძვლო და სკანდალური" უწოდა. 

მაკრონის თქმით, პოლონეთის პრემიერმინისტრი საფრანგეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რამდენიმე წლის წინ, ომის თავიდან არიდებისა და ევროპაში მშვიდობის ახალი არქიტექტურის შექმნის მიზნით, ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს. მე ამას ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისიდან ვაკეთებდი. სხვებისგან განსხვავებით, არასდროს ვყოფილვარ გულუბრყვილო და სხვებისგან განსხვავებით, არასდროს ვყოფილვარ თანამონაწილე". – თქვა მაკრონმა. 

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 4 აპრილს მიმართა და ჰკითხა - რას მიაღწია პუტინთან მოლაპარაკებით.

"რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? ჩვენ არ ვმსჯელობთ, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კრიმინალებთან. დამნაშავეებს უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. ჰიტლერს, სტალინსა და პოლ პოტს მოლაპარაკებას დაუწყებდით?" - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

მორავიეცკიმ მოკავშირეებს რუსეთის ქმედებების გამოძიებასა და დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

კომენტარები