რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია კონტრაბანდაზე: თანამედროვე ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა არ ჩამოირეცხება

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. ბოკერიას თქმით, ეს განცხადება სრულ თანხვედრაშია უკრაინასთან დაკავშირებით ქართული ოცნების რიტორიკასთან და მასში ჩართული ადამიანები დაისჯებიან.

"უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველის, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაცემული აქვს მითითება დახმარებისა პუტინის რუსეთისთვის საქართველოს გავლით სანქციების თავის ასარიდებლად, სრულ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რაც ჩვენ საჯაროდ გვესმის ღარიბაშვილისგან, კობახიძისგან და მთელი ამ სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვისგან. მათი საჯარო განცხადებები ირიბი მტკიცებულებაა, რომ ისინი სწორედ ასე პოზციონირდებიან. განცხადებები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ომის თავიდან ასაცილებლად, არის სიცრუე და ამ ყველაფერში  ირიბად შედის სწორედ ამის აღიარება, გამოწვევაც კი, რომ ჩვენ პუტინის რუსეთს გავუკეთებთ იმას რაც მათ სჭირდებათ.

პუტინის რუსეთს სჭირდება სანქციებისგან თავის არიდება, რომლითაც თავისუფალი სამყარო მათ ნაბიჯ-ნაბიჯ სრესს. მინდა ვთქვა, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ეს ამბავი თანამედროვე ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა და მისთვის დახმარების ხელის გაწვდენა არის ისეთი ამბავი, რომელიც არ ჩამოირეცხება. ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების დროს ყველა ის ადამიანი, რომელიც ამაში ჩართული იყო, იქნება დასჯილი. ეს არ არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ეს არ არის სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევა, ეს არ არის კორუფციაც კი, რომელიც რაღაც მომენტში, შეიძლება, ეროვნული თანხმობისათვის იქნას დავიწყებული. ეს არასდროს არ იქნება მიჩქმალული". – თქვა ბოკერიამ.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

საქართველოს ტერიტორიით კონტრაბანდის მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე ისაუბრა უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც.

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს". – თქვა ვერეშჩუკმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები