რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს, მიზანში მის ტექნოლოგიურ სექტორს იღებს

აშშ-მ მოსკოვს დაუწესა ახალი სანქციები, რომელთა მთავარი სამიზნე რუსეთის ტექნოლოგიური სექტორია. 

"გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის სანქციებით სამიზნეში ამოღებას, სანამ მისი არჩეული ეს უაზრო ომი არ დასრულდება". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა. 

სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 21 კომპანიასა და 13 ადამიანს. სანქცირებულთა სიაში არის სააქციო საზოგადოება მიკრონი, რუსეთისთვის ჩიპების უდიდესი მწარმოებელი და მიკროელექტრონული საშუალებების ექსპორტიორი.

ამას გარდა, აშშ-ს შეზღუდვები ვრცელდება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებსა და მომუშავე პირებზე. 

სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი კომპანიებისა და პირების აშშ-ში მყოფი აქტივები გაიყინება, ამას გარდა, ამერიკის მოქალაქეებს მათთან ურთიერთობა აეკრძალებათ.

სანქციები დაუწესდა მოსკოვში მყოფ Serniya Engineering-სა და აღჭურვილობის მწარმოებელ Sertal-ს. ორივე კომპანია დადანაშაულებულია რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების უკანონო შესყიდვებში.

აშშ-მ ამ ორ კომპანიასა და დანარჩენებს სანქციები დაუწესა იმიტომ, რომ ისინი დაადანაშაულა რუსეთისთვის აქამდე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის დახმარებაში. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რიგმა დასავლურმა ქვეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები