რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: პუტინი უკრაინისთვის "კორეულ" სცენარს განიხილავს

RIA Novosti Host Photo Agency/Alexander Vilf via REUTERS

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ცნობით, ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის კორეის სცენარს განიხილავს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"კიევთან წარუმატებლობის, უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდების შეუძლებლობის შემდეგ, პუტინი უკვე ცვლის მთავარ ოპერატიულ მიმართულებებს სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ. არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ ის უკრაინისთვის "კორეულ" სცენარს განიხილავს. ანუ შეეცდება გამყოფი ხაზი გაავლოს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. ფაქტობრივად ეს არის მცდელობა შეიქმნას უკრაინაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. მთლიანი სახელმწიფოს გადაყლაპვა მას ნამდვილად არ შეუძლია". - თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია ყირიმთან სახმელეთო კორიდორის შექმნა, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში რუსეთს "დაუძლეველი მარიუპოლი" უშლის ხელს. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები შეეცდებიან ოკუპირებული ტერიტორიებისგან ერთი კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები