რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კულებამ დაასახელა 5 ქვეყანა, რომლებთანაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს

დმიტრო კულება

"უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან მისი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ".- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მოსკოვი უკრაინისგან მიუღებელ დათმობებს ითხოვს, უკრაინა კი მხოლოდ სამი რამით არის დაინტერესებული: ეს არის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ყირიმისა და დონბასის ფარგლებში და ცეცხლის შეწყვეტა, მტრის ჯარების გაყვანა.

კულებას თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც და რუსეთი ამაზე დათანხმდა.

კულებამ ასევე განმარტა, თუ რას გულსიხმობს უსაფრთხოების გარანტიებში:

"ესპანეთის, როგორც ნატოს წევრის უსაფრთხოების გარანტია არის მე-5 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ თუ ვინმე თავს დაესხმება მას, ყველა სხვა წევრი (ალიანსის) დაიცავს მას. ჩვენ გვინდა რაღაც მსგავსი. ანუ, თუ ვინმე თავს ესხმის უკრაინას, ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, მოუწევთ 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნონ ყველა საჭირო იარაღი, მიიღონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აგრესიის შეჩერების და სანქციების დაწესების მოთხოვნით".- ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან.

მისივე თქმით, ჩამოთვლილი ქვეყნები დადებითად უყურებდნენ ამ იდეას, საკითხი განხილვის პროცესშია და როგორც მინისტრი ამბობს, ის საწყისი რეაქციით კმაყოფილია. 

კომენტარები