რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 20 მარტის ანგარიში

რუსი სამხედრო

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 20 მარტს, უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს რამდენიმე ადგილობრივი კონტრშეტევა. რუსულმა ძალებმა, კიევის გარშემო, განაგრძეს პოზიციების გამყარება და საარტილერიო დანადგარების მომზადება. უკრაინის სამხედრო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის შეტევები ქალაქ იზიუმის გარშემო. რუსულ სამხედრო ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სხვა შეტევითი ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. საოკუპაციო ძალებს აქვთ მცირე წინსვლა ლუგანსკის ოლქსა და მარიუპოლის გარშემო, თუმცა არ გაუგრძელებიათ თავდასხმები ნიკოლაევისა და კრივიი რიჰის მიმართულებით.

ძირითადი დასკვნები:

  • უკრაინის გენერალურმა შტაბმა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი ამზადებს მოსახლეობას უკრაინაში „გრძელვადიანი ომისთვის“ და იწყებს მობილიზებას, მათ შორის ახალგაზრდული სამხედრო ორგანიზაციებიდან 17-18 წლის ასაკის ახალგაზრდების რეკრუტირებას.
  • უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალების სამი პოლკის გენერალი მოკლეს.
  • რუსი დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება, ვაგნერის ჯგუფი, სავარაუდოდ, უკრაინაში ლიბიელი მებრძოლების გადასხმის საკითხს მოაგვარებს.
  • რუსეთის ძალები კიევის გარშემო თავდაცვით პოზიციებს ამყარებენ, დანაღმეს გარკვეული ტერიტორიები.
  • უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის იერიშები იზიუმის გარშემო და დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთის სამხედრო ძალებს.
  • რუსეთის ძალებმა განაგრძეს ნელი წინსვლა მარიუპოლში, თუმცა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურების გარეშე.
  • ნიკოლაევის ირგვლივ, უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევები.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა პირველად განაცხადა, რომ კრემლი თავის მოსახლეობას “გრძელვადიანი ომისთვის“ ამზადებს და იწყებენ სხვადასხვა დონეზე ხალხის მობილიზაციას. გენშტაბის თქმით,  რუსეთის სამხედრო კომისარიატები ყუბანში, პრიმორიეს მხარში, იაროსლავის ოლქსა და ურალის ფედერალურ ოლქებში აწარმოებენ ფარულ სამობილიზაციო აქტივობებს, მაგრამ მასიური წინააღმდეგობის წინაშე დგანან. გენერალური შტაბის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უნივერსიტეტებში 18 წელს გადაცილებული სტუდენტების გაწვევა ხდება. ე.წ. დსრ-ს 1-ლი არმიის კორპუსი გაწვრთნილი ჯარისკაცების ნაცვლად, ძირითადად "მობილიზებული მოსახლეობისგან" შედგება. პრობლემურია მათი საბრძოლო სულისკვეთება და აქვთ აღჭურვილობის დეფიციტი. 

20 მარტს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (ГУР) დამატებით იტყობინება, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას "უნარმიიდან" (რუსეთის ახალგაზრდული არმია, კრემლის სამხედრო ახალგაზრდული ორგანიზაცია) 17-18 წლის ახალგაზრდების უკრაინაში გაწვევასთან დაკავშირებით. ГУР-ის ცნობით, ბრძანების აღსრულებაზე პასუხისმგებელი იყო გენერალ-პოლკოვნიკი, გენადი ჟიდკო. უკრაინის გენერალურმა შტაბმა 19 მარტს განაცხადა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა „სასტიკად უსაყვედურეს“ 652-ე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელს მისი „სუსტი ძალისხმევისა“ და „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის წარუმატებლობის გამო.

რუსული ძალები ოფიცრებს შორის მზარდი მსხვერპლის, დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობის საფრთხის წინაშე დგანან. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 19 მარტს განაცხადა, რომ „ზოგიერთმა [რუსულმა] საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფმა“ (სავარაუდოდ, ეხება აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებს, რომლებიც კიევის ირგვლივაა განლაგებული) დაკარგეს პერსონალის 90% და მათი ჩანაცვლება ფაქტობრივად შეუძლებელია. უკრაინის გენშტაბმა 20 მარტს, ადგილობრივი დროით შუადღისას განაცხადა, რომ მათმა ძალებმა 346-ე დამოუკიდებელი სპეცრაზმის ბრიგადის მეთაური დაჭრეს. აცხადებდნენ, რომ უკრაინელმა ძალებმა,დაუზუსტებელ დროსა და ადგილას, მოკლეს 331-ე საჰაერო-სადესანტო ძალების (ВДВ), 247-ე ВДВ-სა  და მე-6 სატანკო პოლკების მეთაურები. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში 130 ჯარისკაცს, რომლებიც ბრძანებებს არ ემორჩილებიან, მე-7 პარაშუტისტთა მოიერიშე დივიზიის პარაშუტისტებით ჩაანაცვლებენ. გენერალური შტაბი დამატებით იტყობინება, რომ რუსული ძალები  საბრძოლო დანაკარგების შესაცვლელად, სულ უფრო ხშირად „მოძველებულ და ნაწილობრივ დეფექტურ აღჭურვილობას“ იყენებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ე.წ. დსრ-ში იძულებითმა მობილიზაციამ რუსეთის მარიონეტულ ძალების დემორალიზაცია გამოიწვია.ვინაიდან ბევრი უარს ამბობს ბრძოლაზე და ბრძოლაში იძულებით ჩართვაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მტკიცებით, 20 მარტს ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში მკვეთრად იზრდება რუსი სამხედრო პერსონალის რიცხვი, რომლებიც ბრძოლაზე უარს ამბობენ. უკრაინის გენერალური შტაბის მიხედვით,ბელგოროდში, რუსეთის სამხედრო სარდლობა 138-ე მოტომსროლელი ბრიგადის 10 რუსს სამხედროს ეძებს, რომლებმაც უარი თქვეს ხარკოვში ბრძოლის გაგრძელებაზე და სხვა სამხედრო პირებიც გადაიბირეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიხედვით,  20 მარტს, ევგენი პრიგოჟინთან და ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა დაქირავებული მებრძოლების ჯგუფმა უკრაინაში ჩამოსვლა დაიწყო. ГУР-ში ამბობენ, რომ ეს ჯგუფი მიზნად ისახავს უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის, ანდრიი ერმაკისა და დენის შმიგალის ლიკვიდაციას. ГУР-ში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა კონვენციური ოპერაციებით წარმატებას ვერ მიაღწია, ახლა მკვლელობების დაგეგმვაზე გადავიდნენ.

რუსული ძალებს ამჟამად აქვთ ოთხი ძირითადი მიმართულება:

  • მთავარი მიმართულება - კიევი;
  • გვერდითი მიმართულება 1 - ხარკოვი;
  • გვერდითი მიმართულება 1a - ლუგანსკის რეგიონი;
  • გვერდითი მიმართულება 2 - მარიუპოლი და დონეცკის ოლქი; 
  • გვერდითი მიმართულება 3 - ხერსონი და წინსვლა ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ.

კიევის მიმართულება

რუსეთის ოპერაციები კიევის მიმართულებით მიზნად ისახავს ქალაქის ბლოკირებას ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან.

ოკუპანტებს, 20 მარტს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, არანაირი სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას. მათ ასევე განმარტეს, რომ მოწინააღმდეგეები ამზადებენ საინჟინრო და ლოგისტიკურ მხარდაჭერას და აფართოებენ ცეცხლის მართვის სისტემებს. ISW-ში ფიქრობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ქმნიან გარემოს კიევის ფართო საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვისთვის, უფრო მეტად ეფექტიან საარტილერიო პოზიციებზე გადანაცვლებით. ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ რუსები ამ სტრატეგიაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც კიევის ალყაში მოქცევის ან მასზე თავდასხმის გეგმა რამდენიმე კვირით მიატოვეს. როგორც ISW-ს ანგარიშშია აღნიშნული, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია.

ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულება

რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გააძლიერეს თავდაცვითი პოზიციები კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით და გავრცელებული ინფორმაციით, დაიწყეს ველების დანაღმვა. ოკუპანტები აგრძელებდნენ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით დასახლებების დაბომბვას. უკრაინულმა ძალებმა, 20 მარტს, ბროვარის გარშემო ადგილობრივი კონტრშეტევები დაიწყეს. უკრაინის გენერალური შტაბის მტკიცებით, მათ ოკუპანტებს, ბროვარიის მახლობლად, საწვავის და საკვების მიმწოდებელი გზები გადაუკეტეს და რუსული მე-6 სატანკო პოლკის დაუდგენელი ქვედანაყოფი გაანადგურეს.

ხარკოვის მიმართულება

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებს ხარკოვის რეგიონში სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. უკრაინის მესაზღვრეებმა 20 მარტს ხარკოვის ოლქში ორი რუსი დივერსანტი დააკავეს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული ძალები, 20 მარტს ადგილობრივი დროით შუადღის მდგომარეობით, გადაჰქონდა „მაღალი სიმძლავრის არტილერია”. იზიუმში, 19-20 მარტს, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მცდელობა, დაეკავებინათ ქალაქის ცენტრი, მოიგერიეს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა და ხარკოვის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. რუსული ძალები, სავარაუდოდ, შეეცდებიან იზიუმის აღებას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში დაიკავონ ქალაქი.

ლუგანსკის მიმართულება

19-20 მარტს რუსმა და მარიონეტულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე ტერიტორიულ გამარჯვებებს რუბიჟნეს ჩრდილოეთით და აიღეს სოფელი ვარვაროვკა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა 20 მარტს ადგილობრივი დროით შუადღისას განაცხადა, რომ რუსული ძალები აგრძელებდნენ რუბიჟნეს, სევეროდონეცკისა და პოპასნაიას დასახლებების დაკავების მცდელობებს, მაგრამ უკრაინის თავდაცვის გარღვევა ვერ შეძლეს.

მარიუპოლისა და დონეცკის ოლქის მიმართულება

 20 მარტს,რუსულმა ძალებმა განაგრძეს ნელი წინსვლა მარიუპოლში, თუმცა მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილების გარეშე. რუსული და მარიონეტული ძალები აგრძელებდნენ ქალაქის დაბომბვას, მათ შორის თერმობარული საბრძოლო მასალის გამოყენებით. 20 მარტს, რუსმა ოფიციალურმა პირებმა დამატებით დაადასტურეს, რომ შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი, მარიუპოლში მოკლეს. 19 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ე.წ. დსრ-ს ძალები მარიუპოლის ჩრდილოეთით მდებარე ვერხნეტორეცკოესკენ 3 კილომეტრით დაწინაურდნენ.

ხერსონისა და ჩრილო-დასავლეთის მიმართულება

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 19 მარტს, ადგილობრივი დროით შუაღამისას განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა,„სამხრეთის მიმართულებით“ - აღადგინეს „თავდაცვის ფრონტის ხაზი საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე“. სავარაუდოდ იგულისხმება ნიკოლაების გარშემო უკრაინის კონტრშეტევების გაგრძელება. გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ  20 მარტს, ოკუპანტებს სამხრეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ და პრიორიტეტს საბრძოლო ეფექტიანობის აღდგენას ანიჭებდნენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 მარტს შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა კალიბრის რაკეტებით ნიკოლაევში შეუტიეს უკრაინულ სახელოსნოებსა და საწყობებს, თუმცა ISW დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ამ ინფორმაციას.

კომენტარები