უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "ხვალაც კი" შეხვდეს.
"პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ამ შეხვედრისთვის. მისი პოზიცია მკაფიოა, ყველა საკითხზეა ჩამოყალიბებული და უკრაინა მზად არის ამ საუბრისთვის."- თქვა მან.
მინისტრმა ასევე დეტალურად განმარტა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრებზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც მომლაპარაკებლები დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ.
"მათ შეუძლიათ ისხდნენ კიდევ 25 საათი დღეში, შეხედონ ერთმანეთს, რაღაც თქვან, მაგრამ უბრალოდ არ აქვთ მანდატი, მოაგვარონ ყველა საკითხი. ასე რომ, ახლა მხოლოდ სხვა ლოგიკა იქნება სასარგებლო".- ამბობს კულება.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაეკთდეს იმისათვის, რომ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში იყოს მაქსიმალურად ძლიერი და ამისთვის "შეიარაღებული ძალები და მთელი თავდაცვის ძალები აყენებენ ზიანს მტერს, დიპლომატები აწყობენ დამატებით სანქციებს და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დიპლომატები მუშაობენ საჭირო იარაღის მიწოდებაზე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად".
რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, კულება ამბობს, რომ ქვეყნებს შორის შეჯიბრი უკვე მიმდინარეობს.
"შემიძლია ვთქვა, რომ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის უფლებისთვის კონკურენცია უფრო დიდია, ვიდრე ოლიმპიური თამაშებისთვის".- ამბობს კულება.





