რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლის თეატრის ბომბსაფარმა დაბომბვას გაუძლო, ადამიანები გადარჩნენ – უკრაინელი დეპუტატი

მარიუპოლის თეატრი

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში თეატრში მოწყობილმა ბომბსაფარმა ავიაიერიშს გაუძლო და მასში შეფარებული ადამიანები გადარჩნენ. ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი სერგეი ტარუტა Facebook-ზე ავრცელებს.

"გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ ომის 22-ე დღეს კარგი ამბავი მარიუპოლიდან. ბომბსაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაწყებულია, ადამიანები ცოცხლები გამოდიან" - წერს ტარუტა.

16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოაგდო. თეატრში ბომბსაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებმა ბომბსაფარის შესასვლელი ჩახერგეს. იმის გამო, რომ დაბომბვა გრძელდებოდა, ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ მოიპოვებოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები