რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკა უკრაინას Switchblade-ის ტიპის კამიკაძე დრონებს გადასცემს

Switchblade-ის დრონის გაშვება

POLITICO-სთან საუბარში აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ მაკქოლმა თქვა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ $800-მილიონიან სამხედრო პაკეტში შედის Switchblade-ის ტიპის 100 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაც ხშირად კამიკაძე დრონებსაც ეძახიან. 

POLITICO-სთან ინფორმაცია დაადასტურა პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც. აქამდე აშშ უკრაინას ძირითადად ტანკსაწინააღდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებას აწვდიდა. 

Switchblade-ი არის მსუბუქი დრონი, რომელსაც ჰაერში გაჩერება 30 წუთით შეუძლია. დრონს ხმელეთზე მყოფი ოპერატორი აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს, არჩევს სამიზნეს. დრონს ჭურვივით უშვებენ, სპეციალური აპარატიდან, რომელიც ყუმბარმტყორცნის მსგავსია. საფრენი აპარატი GPS-ის სისტემითაა აღჭურვილი. როდესაც ოპერატორი სამიზნეს არჩევს, დრონი მას ეჯახება და ფეთქდება. 

დრონები თავდაპირველად ბრძოლის ველზე ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებმა გამოსცადეს. საფრენი აპარატებით მალევე შეაიარაღეს აშშ-ს არმია და საზღვაო-სახმელეთო ძალები. 

გასულ დღეს, 16 მარტს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სენატისთვის მიმართვის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინას $800-მილიონიანი სამხედრო პაკეტით დაეხმარებოდნენ. 

კომენტარები