თბილისის მერია

კალაძე ვაგონებზე: რუსულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან

კახა კალაძე
თბილისის მერია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.  მისი თქმით, ეს ოპოზიციის მორიგი ტყუილია.

"ამდენი ტყუილის მოგონება და ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება, არ ვიცი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან. ამ ჰოლდინგში რამდენიმე კომპანიაა გაწევრიანებული. არათუ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენს ტენდერშია გამარჯვებული, არამედ ჰოლდინგის არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. ასევე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის შესახებ. მათ პროდუქცია მიწოდებული აქვთ მაგალითად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისთვის, ასევე, სერბეთისთვის".- ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მოხდა და ყველაფერი მათ მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს.

"როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვის წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც:  თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ს მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე, ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩვენც ამ ეტაპების გავლა მოგვიწია. 2021 წლის ნოემბერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ეს ამბავი დაუკავშირეს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს და სანქციებს"- ამბობს კალაძე. 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეჩერებულია და თბილისის მერია ელოდება EBRD-ს გადაწყვეტილებას.


ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილისის მერიის სახელით, რუსულ კომოპანიასთან Metrowagonmash-თან 170 მილიონი ლარის ღირებულების კონკტრაქტი აქვს გაფორმებული.

მელიას თქმით, Metrowagonmash-ს კონტრაქტის თანახმად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის. ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ ეს კომპანია რუსულ სამხედრო, საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს, კერძოდ – მუხლუხოებიან ჯავშანტრანსპორტს.

კომენტარები