რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

GEORGIAN AIRWAYS: დღემდე არც ერთი ჩვენი გადახდა არ განხორციელებულა Мир-ის მეშვეობით

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამტკიცებს, რომ მათთან დღემდე არც ერთი გადახდა არ განხორციელებულა რუსული გადახდის სისტემის, Мир-ის მეშვეობით.

კომპანია ვებგვერდზე რუსული გადახდის სისტემის დამატებას იმით ხსნის, რომ მათ ინტერნეტ პროვაიდერს დაჯავშნის ძრავზე Мир ერთ-ერთ ლოგოდ ჰქონდათ და შესაბამისად ეს მათ ვებსაიტზეც ასე ჩანდა, თუმცა მათი თქმით, ბილეთის ყიდვა მხოლოდ VISA-ს, MasterCard-სა და American Express-ის ბარათებით იყო შესაძლებელი.

Georgian Airways-ის ინფორმაციით გადახდის სისტემაში Мир-ის ლოგო აღარ ჩანს.

"კიდევ ერთხელ გვინდა დარწმუნდეთ, რომ დღემდე არც ერთი ჩვენი გადახდა არ განხორციელებულა MIR-ის მეშვეობით, ვინაიდან ავიაკომპანიას არ აქვს შეთანხმება ამ პროვაიდერთან. ჩვენთან შესაძლებელია გადახდა მხოლოდ VISA-ს, MasterCard და American Express ბარათებით, საქართველოს ბანკის მეშვეობით.

ჩვენ ინტერნეტ დაჯავშნის პროვაიდერს (websky.tech), რომელიც ესპანური კომპანიაა, განთავსებული აქვს ლოგოები დაჯავშნის ძრავზე, როგორც მაგ. Mastercard, Visa და MIR, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა იყენებდა ამ პროვაიდერებს (მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ბილეთების დასაჯავშნად გამოიყენებოდა მხოლოდ VISA, MasterCard და Amex). ჩვენ გადავედით websky ინტერნეტ დაჯავშნის სისტემაზე 2021 წლის 15 დეკემბერს და მას შემდეგ ყველა გადახდა გადის BOG-ის მეშვეობით. ყველა ლოგოს ნახვა შესაძლებელი იყო ჩვენს ვებსაიტზე, რადგან websky-ს არ განუხორციელებია ახალი განახლებები თავის ძრავზე და ეს ჩვენი მხრიდან იქნა განხილული ჯერ კიდევ ამ სისტემის შეცვლამდე. გვინდა გაცნობოთ, რომ ეს განახლება უკვე დასრულდა", - წერს კომპანია განცხადებაში.

7 მარტს Georgian Airways-ის ვებსაიტზე გადახდის სისტემაში რუსული Мир გამოჩნდა, რის შესახებაც ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. მათთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა – "მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს".

უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნებისა და კომპანიების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო Мир-ი ერთადერთი საშუალებაა რუსული ბარათის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ ონლაინ ტრანზაქციები შეასრულონ და საზღვარგარეთ ფული გადარიცხონ.

კომენტარები