რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელია: Georgian Airways-ი Мир-ის სისტემაში ჩართვას ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ რუსული გადახდის სისტემის, Мир-ის დამატებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანია ამგვარ ნაბიჯს ხელისუფლების პირდაპირი ნებართვის გარეშე ვერ გადადგამდნენ. მისივე თქმით, Georgian Airways-ი რუსულ სისტემებთან კომერციული ურთიერთობის გამო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს.

"რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ისტორიული, უპრეცედენტო და უმძიმესი სანქციებისგან გვერდის ავლაში. ასევე, ეს ქართული ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს რუსულ, პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს ამით კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა და ამ ნაბიჯს ვერანაირად ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. 

ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში". – თქვა მელიამ.

Georgian Airways-ის საიტზე გადახდის სისტემაში Mastercard-ისა და VISA-ს გვერდით რუსული Мир-ის დამატების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა – "მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს".

უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნებისა და კომპანიების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო Мир-ი ერთადერთი საშუალებაა რუსული ბარათის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ ონლაინ ტრანზაქციები შეასრულონ და საზღვარგარეთ ფული გადარიცხონ.

კომენტარები