რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: მტრის გეგმები ხელისუფლებისა და საგარეო კურსის ცვლილების შესახებ – ჩავარდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მიმართვას ზალუჟნი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

"მადლობა ყველას და თითოეულ თქვენთაგანს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა იბრძოლო მშვიდობისთვის და საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის. მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ერთ მწყობრში ვდგავარ. გმირი მებრძოლები, გმირი ქალაქები – ეს ჩვენი რეალობაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ეს ჩვენთვის, ერთი რამ კი ცხადია, შერცხვენილები არ ვიქნებით". - წერს ზალუჟნი და აღნიშნავს, რომ მტერი დემორალიზებული და გამოფიტულია.

"მისი გეგმები ბლიცკრიგის შესახებ, ხელისუფლებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ – ჩავარდა. მიუხედავად ამისა, რუსული ჯარი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ზეწოლის ზრდას აგრძელებს და ამავდროულად, აგრძელებს კიევის ალყაში მოქცევის მცდელობას.

ჩვენი ქალაქების მედგარი მცველები – ჩერნიგოვის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, მარიუპოლის, – და ეროვნული წინააღმდეგობა, რომელიც მტერს წარმატების საშუალებას არ აძლებს. რამდენი კილომეტრითაც უნდა შემოიჭრას მტერი ჩვენი ტერიტორიების სიღრმეში, მის შენარჩუნებას ის ვერ შეძლებს. მოვუწოდებ ოკუპირებული რაიონების მცხოვრებთ შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. თქვენ გაქვთ იარაღი და მოტივაცია. დაიცავით მშობლიური სახლი!". - წერს ზალუჟნი.

კომენტარები