რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე: ღალატის ნახვას არ ვისურვებდით, მრცხვენია

დავით არახამია

"თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ როცა რუსეთი თავს გვესხმის?!"- ასე ეხმაურება უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას .

არახამიას მიმართვას TV პირველი ავრცელებს, სადაც ის ქართველ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

"გამარჯობა, მინდა მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები და ბარიერები მოხსნა ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ. იმისთვის რომ მოიპოვოს საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომში. 

მე მინდა, ყველა ქართველს ვუთხრა, მე თავად ქართველი ვარ. როცა რუსეთი საქართველოს ვერაგულად დაესხა თავს, უკრაინამ მაშინვე, ყველანაირი საკუთარი ეკონომიკური დანაკარგების მიუხედავად, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინა - მიაწოდა სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ინსტრუქტორები იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მეგობარი ქვეყნისთვის, ძმა ერისთვის. 

ეს არის საქართველოს პასუხი? - თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ როცა რუსეთი თავს გვესხმის?! გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე მჯერა თქვენი, გაარკვიეთ საქმე თქვენს მთავრობასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან

მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში, ხელისუფლებაში ვარ და დღეს ნამდვილად მრცხვენია".- ამბობს არახამია. 


უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

"როსსელხორნადზორმა დააინიცირა მესამე ქვეყნების იმ საწარმოების ჩართვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეესტრში, რომლებსაც აქვთ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავის პროდუქციის შეტანის უფლება. ერთი საწარმო აზერბაიჯანიდან და ასევე 15 საწარმო საქართველოდან" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

"2020 წლიდან  მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში." – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები