რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინის წევრობაზე განაცხადი EU-მ საქართველოსა და მოლდოვას გარეშე უნდა განიხილოს

დმიტრო კულება
Reuters 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე განაცხადი ცალკე, დამოუკიდებლად, საქართველოსა და მოლდოვას გარეშე უნდა განიხილოს. 

"ჩვენს ძველ პარტნიორებთან - საქართველოსა და მოლდოვასთან, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებულია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინის განაცხადი განხილული იქნას დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე. ვადები შეიძლება დაჩქარდეს, რათა მოხდეს შეუფერხებლად უკრაინის ევროინტეგრაცია. რაც კარგი იქნება როგორც უკრაინისთვის, ისე ევროკავშირისთვის". - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და 3 მარტს ოფიციალურად წარადგენდა. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

3 მარტს მოლდოვის პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერეს. საქართველოს მსგავსად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ქვეყანამ განაცხადის შეტანა დააჩქარა. 

კომენტარები