NATO-საქართველო

ხელაშვილი: სტოლტენბერგმა თქვა, რომ მხარდაჭერა გვჭირდება, ეს ძალიან საშიშია, ცუდად მენიშნა

ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ხელაშვილის შეფასებით, "ძალიან საშიშია" NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ საქართველო რისკის ქვეშაა და მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ POS TV-ის ეთერში თქვა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად საქართველოს "გამორჩევა" ცუდად ენიშნა.

"[დასავლეთის] მხარდაჭერა ძლიერდება, თუმცა, უკვე არის სახიფათო ელემენტებიც, ისეც ნუ ვიტყვით, რომ ყველაფერი ძალიან არაჩვეულებრივად არის, დღეს რაც თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ეს ძალიან საშიშია, მან თქვა, რომ მხარდაჭერას საჭიროებს ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო, ორი ქვეყანა, რომლებიც საშიშროების ზონაშია, გამოგვარჩია ეს ორი ქვეყანა.

გასაგებია, რატომ გამოარჩია ბოსნია-ჰერცოგოვინა, ვინაიდან ეს არის ძალიან სუსტი შინაგანი ერთობის ქვეყანა და იქ პრობლემები ბოლო დროს ძალიან მძიმედ ვითარდება.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ და არის დაუცველი. ეს მე ცუდად მენიშნა" - თქვა ხელაშვილმა და აღნიშნა, რომ "საფრთხე ძალიან დიდია".

"ჩვენ ადეკვატურად მივყვებით ამას ყველაფერს, დასავლეთს ეს ძალიან კარგად ესმის და გვრჩება მხოლოდ იმედი, არამარტო საქართველოსი, არამედ იმედი იმისა, რომ უკრაინა გადარჩება როგორც სახელმწიფო და და ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეწყდება მსხვერპლშეწირვა, ეს უაზრო კაცისკვლა, რაც მიმდინარეობს. ეს მხოლოდ იმედია, საუბედუროდ, უახლოეს დღეებში მე ველი, რომ სიტუაცია უფრო გაუარესდება" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი შალვა რამიშვილის გადაცემაში.

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 4 მარტის შეხვედრის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ განიხილეს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც შესაძლოა რისკის ქვეშ იყვნენ, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩათვლით.

"NATO და მისი მოკავშირეები წლებია, ეხმარებიან საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და სხვა პარტნიორებს. ჩვენ მათ ვეხმარებოდით რეფორმებში, უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გვაქვს ბაზები საქართველოში, საერთო წვრთნები. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული აქტივობები სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ არ გადაგვიწყვეტია საბოლოოდ როგორ, თუმცა, არსებობს თანხმობა იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს. ეს გულისხმობს ჩვენი მხარდაჭერის ზრდას თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რეფორმებს, წვრთნებს, თუმცა, ასევე, პოტენციურად აქტივობების დამატებას ქვეყნების მხარდაჭერის გასაძლიერებლად" - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები