რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე - ომის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ანალიზი და პროგნოზები

რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში საკუთარი ჯარების შევსებასა და მომარაგებას ასრულებენ და დედაქალაქის გარშემორტყმას იწყებენ. რუსეთის მიზანი, დიდი ალბათობით, კიევის ალყაში მოქცევა და აღებაა. ამის მცდელობა მათ, სავარაუდოდ, მომდევნო 24-48 საათში ექნებათ. რუსული სამხედრო ოპერაცია კიევის წინააღმდეგ მოსკოვის მთავარი მიზანია. პარალელურად, რუსული ჯარი კიდევ 3 დამხმარე ოპერაციას ატარებს - პირველი ხარკოვის აღებაა, მეორე მარიუპოლის აღება და დონის როსტოვისა და ყირიმის "სახმელეთო ხიდით დაკავშირება", მესამე კი ხერსონის აღება და დასავლეთით მიკოლაივისა და ოდესისკენ დაძვრისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. სამივე ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს, ყველაზე დიდი პროგრესი კი რუსეთმა უკანასკნელ 24 საათში მარიუპოლში განიცადა.

რუსეთის კიევზე თავდასხმის მთავარი მცდელობა კიევის დასავლეთის მხრიდან გარშემორტყმა და ალყაში მოქცევაა, პარალელურად კი ჩერნიგოვიდან და სუმიდან შესვლა, კიევის აღმოსავლეთ მხრიდან ალყაში მოსაქცევად. საბრძოლო და ლოგისტიკური სამხედრო მანქანების გრძელი რიგი, რომელიც კიევის ჩრდილოეთით დგას, სავარაუდოდ, კიევის დასავლეთის მხრიდან გარშემორტყმისთვის ემზადება, ასევე, შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკა რუსეთმა პირდაპირ ქალაქზე თავდასხმისთვის გამოიყენოს და ქალაქში კიევის ჩრდილოდასავლეთ გარეუბნებიდან შეიყვანოს, სადაც რუსული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ. თუმცა, სავარაუდოა, რომ რუსული ძალები ქალაქზე პირდაპირი თავდასხმის ნაცვლად, მის შემორტყმა/ალყაში მოქცევას აირჩევენ.

რუსულმა სამხედროებმა ხარკოვში ფართო არეალზე თავდასხმის იარაღების გამოყენება განაგრძეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი და სამოქალაქო მსხვერპლი მკვეთრად გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ძალებს უკანასკნელ 24 საათში ხარკოვში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყიათ, ამის ნაცვლად ისინი საჰაერო თავდასხმებს და საარტილერიო დაბომბვას იყენებენ. განახლებულ სახმელეთო შეტევას კი მომდევნო 24-48 საათში გეგმავენ. სავარაუდოა, რომ რუსეთი ხარკოვის ალყაში მოქცების ნაცვლად, ქალაქზე მორიგ პირდაპირ თავდასხმას გეგმავდეს.

რუსული ძალები ქალაქი ზაპოროჟიის სამხრეთ ნაწილში პოზიციებს ინარჩუნებენ და იბრძვიან, რომ ხერსონში უკრაინელთა პოზიციები შემცირონ და ქალაქი აიღონ. პარალელურად, ალყაში აქცევენ მარიუპოლს და მის ასაღებადაც ემზადებიან. რუსული სამხედრო ოპერაციები მომდევნო 24 საათში ოდესას გარდაუვალ საფრთხეს არ უქმნის. რუსების დაძვრა ჩრდილეოთის მიმართულებით, ზაპოროჟიის გავლით ან მასთან ახლოს ჩავლით, მომდევნო 24-72 საათში ნაკლებად მოსალოდნელია.

რუსულმა ჯარმა ალყაში მოაქცია მარიუპოლი და ქალაქ ხერსონის სამხრეთ ნაწილში შევიდა.

რუსული ძალები საჭირო შევსებას და მარაგებს იღებენ, რომელიც მათ მომდევნო 24-72 საათში უფრო სწრაფი და ეფექტური შეტევის განსახორციელებაში დაეხმარება. რაც შეეხება რუსეთის მცდელობებს კიევის ირგვლივ, ორგანიზებულობა კვლავ ცუდია. თუმცა, ამდენი სხვადასხვა ბატალიონის ნაწილთა გაერთიანება გადაჯგუფებებს უფრო ჰგავს, ვიდრე სამხედრო პოლკის ან ბრიგადის შტაბბინის ქვეშ მოქმედებას. რუსულმა ძალებმა რუსეთის დასავლეთ ნაწილსა და ბელარუსში საწყის ეტაპზე სტრუქტურული და საორგანიზაციო შეცდომები დაუშვეს, რამაც კიევის ირგვლივ მათ სამოქმედო და ლოგისტიკურ ჩავარდნებს შეუწყო ხელი. ამ შეცდომების გამოსწორება რთული იქნება და, დიდი ალბათობით, ის კვლავ ხელს შეუწყობს რუსული ძალების სამოქმედო ჩავარდნებს, მიუხედავად იმ შევსებისა და მომარაგებისა, რომელიც რუსულმა ჯარმა მიიღო. თუმცა, ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე მსჯელობა, თუ რას მოუტანს რუსულ ჯარს ზემოხსენებული დამატებითი საბრძოლო ძალა.

წყარო: ომის კვლევის ინსტიტუტი

კომენტარები