რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის შემდეგ დასავლეთის ბირთვული ომით შეშინებას კისელიოვი ცდილობს

ვლადიმერ პუტინის პროვოკაციული ნაბიჯის შემდეგ, რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე რუსული სამთავრობო მედია ალაპარაკდა. ერთ-ერთი სამთავრობო არხის ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა გადაცემის მონოლოგში პრეზიდენტ პუტინის 2018 წლის განცხადება გაიხსენა, სადაც პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ კითხვის პასუხად, ჟურნალისტს უთხრა, "რაში გვჭირდება მსოფლიო, თუ მასში რუსეთი არ იქნება?". 
 
სწორედ ამ კითხვით დაიწყო კისელიოვმა გადაცემის მონოლოგი. 

"ჯამში ჩვენს წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ 500 ბირთვული რაკეტის გაშვება", - განაცხადა მან, - "რაც NATO-სა და შეერთებული შტატების სრულად განადგურებას ეყოფა". 

კისელიოვი ტელემაყურებლებს არწმუნებს, რომ რუსეთს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული შესაძლებლობები აქვს, რუსეთის სამთავრობო მედიარუპორის სატელევიზიო გამოსვლას წინ უსწრებდა ვლადიმერ პუტინის პროვოკაციული განცხადება, რომელმაც NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნების მხრიდან აგრესიული ანტი-რუსული რიტორიკის მომიზეზებით, ბირთვული შემაკავებელი ძალების საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. 

თეთრი სახლი და NATO-ს მაღალჩინოსნები პუტინის "სახიფათო რიტორიკას" უპასუხისმგებლო ქცევად აფასებენ, თეთრი სახლის პრესმდივანის თქმით, პუტინს სამხედრო კონფლიქტებში ახასიათებს პატერნი, მოიგონოს "არარსებული საფრთხეები", რათა გაამართლოს შემდგომი აგრესია. 

კრემლი ბირთვულ შესაძლებლობებზე უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან მეოთხე დღეს პირველად ალაპარაკდა, მაშინ, როდესაც ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და NATO-ს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული არმიის წინსვლა წინასწარგანსაზღვრულ ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მათ "აკლიათ საწვავის მარაგები და  მორალის საკითხიც პრობლემურია". ამასთანავე, როგორც CNN-ს NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, რუსები უკრაინაში მოულოდნელად მტკიცე წინააღმდეგობას ეჩეხებიან. 

28 თებერვლის დილას რუსეთის თავდასხმიდან პირველად ორი ქვეყნის წარმომადგენლები ბელარუსის საზღვარზე "წინასწარი პირობების გარეშე" შეხვდებიან.

კომენტარები