101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

ბოკერია: უკრაინაში ხდება ის, რაც ჩვენთან 101 წლის წინ მოხდა, იმედია, სხვა შედეგი იქნება

დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას, იმას, რომ ჩვენ გვქონოდა შანსი, კარგა ხნის მერე, მაგრამ კვლავ თავისუფალი ქვეყანა ვყოფილიყავით. ამავე დროს, გვახსოვს, რომ იმ დროს შემოჭრილმა ბოროტების იმპერიამ თაობები გასწირა უბედურებისთვის, სისხლისღვრისთვის, რეპრესიებისთვის, იმისთვის, რისგანაც ჩვენ ყველას გვინდა დღეს თავის დაღწევა. 

დღეს დამატებით ტრაგიკული ამბავია, რომ 101 წლის შემდეგ ისევ იმავე ბოროტების იმპერიის მემკვიდრე ემუქრება ჩვენს თავისუფლებას, დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინაში ხდება ის, რაც 101 წლის წინ მოხდა საქართველოში, იმედი გვაქვს, განსხვავებული შედეგით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შედეგები განაპირობებს იმას, ჩვენი შვილები როგორ იცხოვრებენ, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შეიძლება, რაღაცნაირად გავძვრეთ ისე, რომ არ შევიმჩნიოთ ის საფრთხე, რაც მოდის ბოროტების იმპერიისგან, პუტინის რუსეთისგან. 

დღეს ის ტრაგედია, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გვეხება ჩვენ, არა მარტო მორალურად, არამედ პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ჩვენ როგორ მოვიქცევით შემდეგ თვეებში, შემდეგ წლებში, იქნება განმაპირობებელი იმის, ჩვენს შვილებს ექნებათ თუ არა შანსი, რომ უსაფრთხოდ იცოცხლონ, ისე, რომ სიკვდილის, დაბომბვის, მოტაცების და კადიროველების ბოგინის საფრთე არ ჰქონდეთ. პატივი მივაგოთ იმ ხალხის ხსოვნას, ვინც ამას შესწირა თავი და ყველაფერი გავაკეთოთ რაც ჩვენს ძალებშია, იმისთვის, რომ ვერ გაგვტეხონ - სამხედრო ძალას თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიურად ვერ გაგვტეხონ და ვერ გაგვტეხონ იმ სამარცხვინო და უგუნური პროპაგანდით, რომ შესაძლებელია ბოროტების იმოერიასთან ისე დალაგება, რომ თავისუფალ, ნორმალურ, ისაფრთხო ქვეყანაში იცხოვრო. ამის მაგალითი არ არსებობს. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი გავიდა. პარტიის წევრებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

კომენტარები