ევროპული საქართველოს აქცია

ღარიბაშვილი რაგბის მატჩზე: გაკოტრებული პოლიტიკოსები პროვოკაციების მოწყობას ეცდებიან

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის მატჩზე უკრაინის დროშებით მისვლასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოსა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას ეხმაურება. ღარიბაშვილი ამბობს, რომ "გაკოტრებული პოლიტიკოსები" პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ და, მისივე სიტყვებით, მათ ამის საშუალებას არ მისცემენ - "იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება".   

ღარიბაშვილის თქმით, სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს და "არავის უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში".

"მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის და ამის არაერთი გამოცდილება გვქონია ჩვენ. ჩვენი, ქართველი მორაგბეები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი არის ერთ მხარეს, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ. ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ერთი. მოგეხსენებათ, პანდემიამდე ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ნახონ, ხალხთაშორისი ურთიერთობა უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს ურთიერთობები. ასევეა სპორტსმენებს შორის. ჩვენი ბევრი სპორტსმენი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ყველგან ტარდება მატჩები, ასე, რომ ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი. 

ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. მინდა, ყველას ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ჩვენს ოპონენტებს, ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერებაც, ტურიზმის დაკეტვა, ქვეყნის დაკეტვა, ახალი ომის დაწყებაც, ნებისმიერი პროვოკაციის გამოყენება, რომელიც გაართულებს ჩვენს ვითარებას, იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შანსს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ". - ამბობს ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, "ნებისმიერ პროვოკაციაზე"  მკაცრი პასუხი ექმებათ და სიტუაციის არევის საშუალებას არავის მისცემენ. 

"ის, რაც მოვახერხეთ ჩვენ, უპრეცედენტოა და გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი. მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნეთ მშვიდობა, სიმტკიცე, განვითარება და უამრავი სხვა პერსპექტივა გავუჩინეთ ჩვენს ქვეყანას". - ამბობს პრემიერმინისტრი.  

22 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ - პარტია უკრაინის მხარდასაჭერად მატჩის დაწყებამდე დროშების დარიგებას გეგმავს.    

"ევროპული საქართველო ვაპირებთ, რომ ეს მატჩი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მასობრივად ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ საქართველოსა და უკრაინის დროშები, რომ ასეთი ცივილიზებული ფორმით, ისე, რომ არანაირ კანონს არ ვარღვევთ, იქ ტრიალებდეს საქართველოსა და უკრაინის დროშები იმ სლოგანით, რაც იყო ჩვენს წინა აქციაზე – ბოროტსა სძლია კეთილმან". - თქვა მან.  

უკრაინის მხარდასაჭერად საზოგადოებას მატჩზე დროშებით მისვლისკენ მოუწოდა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც

"გავავსოთ სტადიონი საქართველოსა და უკრაინის დროშებით" - დაწერა სირცხვილიამ.   

საპასუხოდ, ქართული ოცნების პროპაგანდა უკრაინის მხარდაჭერას პროვოკაციად აფასებს, თბილისის მერი, კახა კალაძე კი ამბობს, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ბოკერიამ კალაძეს მიმართა, თუ რომელ წესს არღვევს პარტია ან საქართველოს მოქალაქე სტადიონზე ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით.  

"ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ?" - მიმართავს ბოკერია კალაძეს. 


საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები