Volkswagen

მანქანებით დატვირთულ გემზე გაჩენილმა ხანძარმა, შესაძლოა, VOLKSWAGEN $155 მილიონით დააზარალოს 

ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული ავტომობილებით დატვირთულ გემზე ხანძრის გაჩენამ, შესაძლოა, გერმანული ავტოკონცერნი, Volkswagen Group-ი 155 მილიონი დოლარით დააზარალოს.
 
Felicity Ace-ის ბორტზე 4 000-მდე ძვირადღირებული ავტომობილი იყო განთავსებული, ტვირთის საერთო ღირებულება კი 440 მილიონ დოლარს აღწევდა. ავტომობილებს შორის ასობით ერთეული Porsche, Lamborghini, Bentley, Audi და VW იყო, რომელთაც Volkswagen Group-ი აწარმოებს. 

VW-ს გარდა, სატვირთო გემის ბორტზე სხვა ავტომწარმოებლების ტვირთიც იყო განთავსებული, რომლის სავარაუდო ღირებულება, Russell Group-ის შეფასებით, 250 მილიონ დოლარს აღწევს.  

სამი საფეხბურთო მოედნის ზომის სატვირთო გემი გერმანიის პორტიდან აშშ-ს მიმართულებით მიცურავდა, 16 თებერვალს კი მის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას ეკიპაჟის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ხანძრის შედეგად სრულად დაზიანდა თუ არა გემის ბორტზე განთავსებული ტვირთი და, შესაბამისად, ზარალის ზუსტი მოცულობა, ჯერჯერობით, უცნობია. 

 

კომენტარები