Volkswagen

Volkswagen-მა Toyota-ს მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის ტიტული წაართვა

Volkswagen-ის ქარხანა
Reuters

გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen AG 2016 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდა. მან ეს ტიტული იაპონურ Toyota Motor Corp-ს წაართვა. 

Volkswagen-ის გაყიდვების ოფიციალური მონაცემებით, კომპანიამ 10.3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 3.8%-ით მეტია. Toyota-ს გაყიდვები კი მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა და 10.2 მილიონი ავტომობილი შეადგინა.

Volkswagen-ის ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი ჩინურ ბაზარზე არსებულ ზრდას უკავშირდება, ჩინეთის ბაზარზე Volkswagen-ის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა.

მესამე ადგილზე, გაყიდული 9.5 მილიონი ავტომობილით, General Motors-ია.

ტრამპის რისკები:

17 იანვარს დონალდ ტრამპი გერმანელ ავტომწარმოებლებს 35%-იანი ტარიფებით დაემუქრა

"თუ გინდათ, რომ მსოფლიოს გარშემო აწარმოებდეთ ავტომობილებს, მე ამაში წარმატებებს გისურვებთ. შეგიძლიათ ააწყოთ მანქანები აშშ-ისთვის, მაგრამ ყოველი ავტომობილისთვის, რომელიც აშშ-ის მიწაზე შემოვა, თქვენ 35%-იანი ტარიფის გადახდა მოგიწევთ", - ამბობდა ტრამპი.

ტრამპი Toyota-სთვისაც მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს, რადგანაც კომპანია აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების, განსაკუთრებით კი, თავისი ბესტსელერის - Corolla-ს წარმოების დაწყებას მექსიკაში გეგმავდა. ტრამპის არჩევის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში ქარხნების მშენებლობაზე $10 მილიარდს დახარჯავს.

კომენტარები