ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივლა

ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს, ანჯელინა ჯოლის, საფრანგეთში მდებარე საერთო ვენახის ნაკვეთის გაყიდვის გამო სასამართლოში უჩივლა.

საქმე შეეხება საფრანგეთის სამხრეთით მდებარე შატოს, რომელიც პიტმა და ჯოლიმ ერთობლივად 2008 წელს შეიძინეს და 6 წელიწადში იქ ქორწილი გადაიხადეს.

ბრედ პიტის თქმით, ის და ანჯელინა ჯოლი შეთანხმებულები იყვნენ, რომ არ გაყიდნენ საკუთარ წილებს ერთმანეთის გაფრთხილების გარეშე. თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ჯოლიმ თავის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი კომპანიას მიყიდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი იური შეფლერი ფლობს.

საჩივარი ლოს-ანჯელესის სასამართლოში 17 თებერვალს შეიტანეს. ბრედ პიტის ადვოკატის თქმით, ღვინის წარმოება მსახიობის ვნებად იქცა და ჯოლის მიერ საკუთარი წილის გაყიდვამ მას, შესაძლოა, ბიზნესზე კონტროლს დააკარგვინოს.

"მან [ანჯელინა ჯოლიმ] გაყიდა საკუთარი წილი იმ ცოდნითა და განზრახვით, რომ შეფლერი და მისი წარმომადგენლები ეცდებიან კონტროლი დაამყარონ ბიზნესზე, რომელსაც პიტმა თავი მიუძღვნა", - თქვა ადვოკატმა.

საქმესთან დაკავშირებით ანჯელინა ჯოლის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები