დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პესკოვი: ის, რაც დონბასში ხდება, განგაშის გრძნობას იწვევს და პოტენციურად ძალიან საშიშია

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დონბასში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა და პოტენციურად ძალიან საშიში. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ის, რაც დონბასში ხდება – ეს საგანგაშო სიახლეებია, განგაშის გრძნობას იწვევს. პოტენციურად ძალიან საშიშია". - თქვა პესკოვმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა პესკოვს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე თხოვეს კომენტარი, რომლის მიხედვითაც აშშ დონბასში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას დაზვერვის 17 სხვადასხვა სამსახურიდან იღებს ინფორმაციას. პესკოვის თქმით, ამ მიმართულებით საქმე რუსეთსაც კარგად აქვს.

"დიახ, აშშ-ს დაზვერვის ბევრი სამსახური აქვს. რუსეთში ამ მიმართულებით პრეზიდენტსაც კარგად აქვს საქმე. ჩვენ ამდენი არ გვყავს, მაგრამ ნაკლებად ეფექტურები არ ვართ". - თქვა პესკოვმა.

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები