დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: გერმანია და საფრანგეთი მინსკის შეთანხმების შესრულებას გვთხოვენ

ვოლოდომირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის მიერ მინსკის შესრულებას ითხოვენ. მან აღნიშნა, რომ ქვეყნების ლიდერები ამას კიევში გამართულ ვიზიტებზე გამოხატავდნენ. პრეზიდენტმა ამის შესახებ РБК Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"მათ ეს სურთ", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმებასა და გერმანელ-უკრაინელ კოლეგებზე, თუმცა მას არ განუმარტავს თუ როგორ აღიქვამს ბერლინი და პარიზი არსებული შეთანხმების შესრულებას. 

ზელენსკის თქმით, მინსკის შეთანხმების გაგება რთულია, თუ "პროცესში არ ხარ ჩართული". 

"[შოლცი და მაკრონი] ჭკვიანი ხელმძღვანელები არიან, თუმცა ისინი ამ პროცესში არც თუ ისე ღრმად არიან ჩართული", – თქვა ზელენსკიმ საფრანგეთისა და გერმანიის მინსკის შეთანხმებაში ჩართულობაზე. 

"უკრაინელებიც კი არ არიან ღრმად გათვითცნობიერებულები [მინსკის შეთანხმებაზე], რადგან ხალხმა [შეთანხმებაზე] ბევრი რამ არ იცის. უნდა იჯდე მაგიდასთან და ხედავდე ამ სახეებს, უსმინო, როგორ მიმდინარეობს. და შემდეგ ხვდები, ვის სურს მინსკის [შეთანხმების] შესრულება და ვის – არა. უკრაინა ნამდვილად არის მზად ისეთი ფორმატის საპოვნელად, რომელიც რეალურად შეასრულებს ყველაფერ შესაძლებელს იმისთვის, რომ ეს ისტორია რაიმე მიმართულებით მაინც დაიძრას. ეს არის უკრაინის პოზიცია და ის ყველგან ასეთია, ყოველ ნაბიჯზე", – ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მინსკის შეთანხმება უშუალოდ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაა. 

"მინსკი არის ნაწილი, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. ჩვენ მუდამ ვამბობთ, მოდი მინსკს გავყვეთო. თუმცა ის დონბასის დეოკუპაციაზეა. ის არ ჭრის ჩვენს ყველა პრობლემას. ის მეტყველებს იმაზე, რომ, აი, დონბასი ოკუპირებულია და ჩვენ მისი უკრაინაში რეინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ. და თითქოს ყველა მონაწილე თანახმაა. კითხვა იმაშია, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ მინსკის შეთანხმება არ ჭრის ყირიმის პრობლემას, ასევე უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების თავმოყრას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სეპარატისტებთან საუბარს არ აპირებს, რადგან ისინი არაფერს წყვეტენ. 

ზელენსკის თქმით, მინსკის შეთანხმება უნიჭოდ არის შედგენილი.

"ისე, დოკუმენტი უნიჭოდ არის შედგენილი! ის ისეა შედგენილი, რომ ჩვენ თავიდანვე უფრო სუსტ, წამგებიან პოზიციაში ვიყოთ", – აღნიშნა ზელენსკიმ. 

მინსკის პროტოკოლი ჯერ 2014 წლის სექტემბერში, შემდეგ ხელახლა 2015 წლის თებერვალში გაფორმდა უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის. მის მიხედვით შეიქმნა რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. გაფორმების შემდეგ პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა. მისი მეშვეობით კონფლიქტი დონბასში ვერ შეჩერდა. შეთანხმების პუნქტებს უარყოფითად აფასებენ უკრაინის მთავრობაში. 

მინსკის შეთანხმებას მხარეები სხვადასხვა ინტერპრეტაციებით უყურებენ. კიევი არაა თანახმა მოლაპარაკებებზე სეპარატისტებთან დასხდეს და ამბობს, რომ ეს შეთანხმებაში გაწერილი არ ყოფილა, როცა საწინააღმდეგო პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია. 

პარალელურად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის დუმას გაგზავნილი აქვს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნა. უკრაინასა და აშშ ამბობენ, რომ პუტინის მიერ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას ავტომატურად მიიღებენ მინსკის შეთანხმების დატოვებად. ამას გარდა, კვლევების მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 55% თანახმაა მათმა ქვეყანამ მინსკის ფორმატი დატოვოს, თუ რუსეთი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს. 

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. უკრაინელი სამხედროები საბრძოლო ზმადყოფნაში არიან, თუმცა პროვოკაციებს პასუხს ამ დრომდე არ სცემენ

УНІАН-ის ინფორმაციით, 17 თებერვლის ღამის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სიმშვიდე 29-ჯერ დაარღვიეს. შედეგად დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. უკრაინული მხარის ცნობით, 29-დან 27 შემთხვევაში რუსეთის მარიონეტულმა ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით გახსნეს. ცეცხლის გახსნა დღის საათებშიც გაგრძელდა. 

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინას პროვოკაციებში ადანაშაულებს, რუსულმა სამთავრობო მედიამ კი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო.

პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები