ევროკავშირი-საქართველო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივა ცნოს

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა პოლიტიკის განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის 17 თებერვლის რეზოლუციით, ევროპარლამენტი იმეორებს, რომ საქართველოს და უკრაინას ევროპული პერსპექტივა აქვთ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინას წევრობაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, თუ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

"[ევროპარლამენტი] იმეორებს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, იმ პირობით, რომ შეასრულებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანებისა და უმცირესობების უფლებებს და დაიცავენ კანონის უზენაესობას; შესაბამისად მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ცნონ საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შიდა რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ უბიძგებს." - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე აღნიშნავს, რომ თითოეული ერის უფლებაა, თავისუფლად, გარე ჩარევის გარეშე. აირჩიოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა.

რეზოლუციამ აღნიშნა, რომ საჭიროა ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ევროპარლამენტი მიესალმება ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში.

ევროპარლამენტმა ასევე დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ.

"[ევროპარლამენტი] მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ახსენებს რუსეთის ფედერაციას თავის სამართლებრივ ვალდებულებებს, როგორც ძალას რომელსაც "ეფექტური კონტროლი" აქვს ტერიტორიებზე, როგორც ეს აღნიშნულია საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში; გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებებს, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს და უწყვეტ ბორდერიზაციას." - ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები