დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინთან შეხვედრამდე გერმანიის კანცლერმა რუსულ PCR ტესტზე უარი თქვა

ოლაფ შოლცი

მოსკოვში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუს ექიმებს PCR ტესტის გაკეთებაზე უარი უთხრა. ნაცვლად ამისა, შოლცმა PCR ტესტი გერმანიის საელჩოში გაიკეთა. რუსეთის მხარეს კი ტესტირებაზე დასწრება შესთავაზა. 

შოლცმა, მისი დელეგაციის წევრებმა და ჟურნალისტებმა - დაახლოებით 50-მა ადამიანმა, გერმანიის დატოვებამდე PCR ტესტი სამჯერ გაიკეთა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიის კანცლერმა უარი თქვა ტესტის გაკეთებაზე, რის გამოც, მისი თქმით, კანცლერის ვიზიტისას დისტანციის მკაცრი წესები იქნება დაცული. 

"ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან  დაშორებული, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის შეხვედრის ბუნებას, შინაარსა და ხანგძლივობას".- განმარტა პრესპიკერმა. 

რამდენიმე დღის წინ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვედა. მაკრონმაც შეხვედრამდე COVID-19-ის რუსულ ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა. სწორედ PCR ტესტზე უარის გამო იყო დაცული მკაცრი დისტანცია შეხვედრებისას. 

"ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის ჩამორთმევაზე უარსა და გრძელ მაგიდასთან მოლაპარაკების წარმართვას. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ მათ ხელში აღმოჩენილიყო". - ამბობს Reuters-ს ერთ-ერთი წყარო. 

მაკრონისა და პუტინის სოციალურად დისტანციური შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, რუსეთის ლიდერმა  ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიიღო. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოლაპარაკებისას ახლოს ისხდნენ.

კომენტარები