სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა

აზარაშვილი: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დასაქმებასთან დაკავშირებით 3 ალტერნატივა ექნებათ

საქართველოს მთავრობა / Facebook

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველებს დასაქმებასთან დაკავშირებით 3 ალტერნატივა ექნებათ, რომელთაგან სასურველს ისინი თავად აირჩევენ. აზარაშვილი ამბობს, რომ დასაქმების პროგრამისთვის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა "სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები და მაგალითები" შეისწავლა.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ მარტის თვიდან აქტიურად დავიწყებთ ამ პროგრამას. სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან ადამიანებს შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს. მათ ექნებათ 3 ალტერნატივა. პირველი - თუ ისინი არიან სადმე სხვაგან დასაქმებულები, გააკეთონ ამის ლეგალიზება და იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ სხვაგან მუშაობენ და არ ესაჭიროებათ ჩვენს პროგრამაში ჩართვა, თავად ეს პირები და მათი ოჯახი 4 წლის განმავლობაში აღარ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში. მეორე - მიიღონ ჩვენი შეთავაზება და აირჩიონ ერთ-ერთი სამუშაო. მათ შეუნარჩუნდებათ ის ყოველთვიური შემწეობა, რასაც იღებენ და პლუს დამატებით მიიღებენ 300 ლარს. აგრეთვე, 4 წლის განმავლობაში არც მათი ქულები გადაიხედება ბაზაში. ხოლო მესამე ალტერნატივაა, რომ ისინი არ დაგვთანხმდნენ არცერთზე და 1 წლის შემდეგ ჩვენ გადავამოწმებთ მათი ქულების რაოდენობას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ისევ იყვნენ თუ არა სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ყველაზე სამართლიანია".- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

პრემიერმინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება და და მასში 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი 200,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჩაერთვება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის დაპირება გასული წლის ნოემბერში გასცა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები