კორონავირუსი საქართველოში

"ტექნიკური მიზეზით, ყველა შემთხვევა ვერ აიტვირთა" – გამყრელიძე 14 თებერვლის სტატისტიკაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი, 14 თებერვლის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას არ ასახავს.

NCDC-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია.

გამყრელიძის თქმით, არასწორი კოვიდსტატიკის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. მისივე განმარტებით, შაბათ-კვირას პორტალი განახლდა და ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა.

"სიტუაცია, რა თქმა უნდა, მარტივი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომირკონის ცირკულაციის ფონზე თანდათან უნდა დაიწყოს [კლება]. ჩვენ ახლა ვართ პიკში და პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში უნდა დაიწყოს.

დღევანდელი სტატისტიკა რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი. ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხდა, რაგდან შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა, ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა – დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმჯელებთ". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გასულ დღე-ღამეში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, COVID 19-ით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 171 731  აქტიური შემთხვევაა. 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 1 307 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები