თელმიკო

ღარიბაშვილი: თელმიკოს დარიცხული თანხების კანონიერებას საგამოძიებო სამსახური შეისწავლის

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც".- თქვა საქართველოს პრემიერმინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

მისივე თქმით, მოსახლეობა, ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით, არაარგუმენტულ პასუხებს იღებს, რაც "დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა".

"ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს თელმიკოს და თელასის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება".- თქვა ღარიბაშვილმა. 


მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფი თელმიკოსა და თელასში ადგილზე სწავლობს კომპანიების აღრიცხვის სისტემების გამართულობას და გადასახადების გამოთვლის მეთოდებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თელასი და თელმიკო დაჯარიმდებიან, მოსახლეობას კი ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება. 

სემეკის გადაწყვეტილება დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის გადასახადის გადაჭარბებით დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებს უკავშირდება. კომისია თელასისა და თელმიკოს შემოწმებას 3 მარტს დაასრულებს.

კომენტარები