საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

რატომ განიხილეს იტალიის პარლამენტში აფხაზეთის თვითგამორკვევის საკითხი – საგარეოს პასუხი

9 თებერვალს იტალიის პარლამენტში გაიმართა დეპუტატის მატეო დალ'ოსოს პრესკონფერენცია თემაზე ერების თვითგამორკვევის უფლება – აფხაზეთი და დიდი ევროპა. პრესკონფერენციას ონლაინფორმატში ჩაერთო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

პრესკონფერენციას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების ცნობით, პრესკონფერენციასთან დაკავშირებით იტალიურ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. სამინისტროს განმარტებით დალ'ოსოს ნაბიჯს რომის რეაგირება მოჰყვება. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ დალ'ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით და აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური არხების მეშვეობით, აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიის მხარეს არაერთხელ გაუკეთებია საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება.

რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალ'ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან". – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იტალიური მედიის მიხედვით, პრესკონფერენციის ჩატარებას გაემიჯნა დალ'ოსოს პარტია ფორცა იტალია. პრესკონფერენციას გამოეხმაურა ფორცა იტალიას დეპუტატების ვიცე-პრეზიდენტი და პარტიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი, ვალენტინო ვალენტინი.

"მატეო დალ'ოსოს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა პრესკონფერენცია თემაზე ერების თვითგამორკვევის უფლება – აფხაზეთი და დიდი ევროპა მისი მკაცრად პირადი ინიციატივაა, რომელიც არ გამოხატავს არც იტალიის და არც პარტია ფორცა იტალიის პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს და წარმომადგენლებს. შეუსაბამოდ მიგვაჩნია მათთან კონტაქტი." – თქვა ვალენტინიმ.

კომენტარები