პოლიტიკური კრიზისი

გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ქოლგა პარტია გახდეს

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია გახდეს. უგულავა ამბობს, რომ ეს ენმ-ს უფრო მეტ ამომრჩევლისა და აქტიური მოქალაქის მხარდაჭერას მოუტანს.

"ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზის და დღევანდელობაში ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, როგორიცაა ქართული ოცნება. აქედან გამომდინარე, ის არის დიდი პარტია და ქოლგა პარტია არის ტერმინი, რომელიც, მაგალითად, ამერიკაში გამოიყენება, სადაც არსებობს რამდენიმე ფრაქცია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაშია. ეს კონკურენცია არის საჯარო, ღია.

ეს რეფორმა ნაციონალურ მოძრაობას კიდე უფრო მეტ ამომრჩეველს და მეტ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს მოუყვანს. ისეთს, რომელსაც სურს, საბჭოთა კავშირი მართლა დავტოვოთ წარსულში". – თქვა გიგი უგულავამ TV პირველთან.

ინიციატივის შესახებ უგულავამ თავდაპირველად Facebook-პოსტი გამოაქვეყნა და ენმ-ს "დიდი პოლიტიკური მაგნიტი" უწოდა.

"ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა განახლებას). ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს. თუ გვინდა ცვლილებები/რიგგარეშე ეს პროცესი, რომელიც მეტ-ნაკლებად, დაწყებულია, გასააქტიურებელია". – წერს გიგი უგულავა.

უგულავამ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში მძლავრი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეაზეც ისაუბრა, რომელიც გააერთიანებს ექსპრემიერებს გიორგი გახარიას, გიორგი კვირიკაშვილს, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და სხვებს.

"წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე ენმ-ს და ოცნების გარდა არის ბლოკი რომელიც აერთიანებს ლელოს, გახარია საქართველოსთვის, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა "თეთრსაყელოიანთა" უფრო ზუსტად კი "ჰალსტუხიანთა პარტია". რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას ოცნებას". – წერს გიგი უგულავა.

კომენტარები