საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: ახალი მიკროავტობუსები დავნიშნეთ რამდენიმე უბანში, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის რამდენიმე უბანში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე არცერთი ქუჩა დარჩება. 

"როგორც იცით, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არც ერთ ქუჩას, არც ერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

პირველი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშნიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე, ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისისა და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი დღემდე არ დადიოდა. ასევე, ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის და ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები