აშშ

ამერიკელი ქალი ე.წ ისლამური სახელმწიფოს ქალთა ბატალიონის მეთაურობისთვის დააკავეს

ამერიკელი ქალი, ელისონ ფლუკ-ეკრენი ე.წ ისლამური სახელმწიფოს ქალთა ბატალიონის მეთაურობისთვის დააკავეს. ფლუკ-ეკრენს ქალების და ბავშვების წვრთნაში ედება ბრალი. გამოძიების მიხედვით, ის ასევე გეგმავდა აშშ-ში კოლეჯის კამპუსზე თავდასხმას.

სასამართლო პროცესის დასაწყებად ფლუკ-ეკრენი აშშ-ში 29 იანვარს დააბრუნეს. FBI-ის მიხედვით, 2016 წელს სირიაში, რაქაში, რომელიც იმ დროისთვის ე.წ ისლამური სახელმწიფოს დე-ფაქტო დედაქალაქი იყო, ჩამოყალიბდა ქალთა ბატალიონი ხატიბა ნუსაიბა. ბატალიონი იმ ქალებისგან შედგებოდა, რომლებიც ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ცოლები იყვნენ. ბრალდების მხარის თანახმად, ელისონ ფლუკ-ეკრენი ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ მალევე ქალთა ბატალიონის მეთაური გახდა. გამოძიების მიხედვით, მისი მთავარი მოვალეობა იყო ქალების გაწვრთნა, მათთვის AK-47 ავტომატის, ხელყუმბარების და თავის ასაფეთქებელი ჟილეტების გამოყენების სწავლება. ფლუკ-ეკრენს ასევე ბრალს სდებენ ბავშვებისთვის იარაღის გამოყენების სწავლებაში. მოწმის ჩვენების მიხედვით, მან ნახა როგორ ეჭირა ფლუკ-ეკრენის 5-6 წლის შვილს იარაღი.

ელისონ ფლუკ-ეკრენს ასევე ადანაშაულებენ აშშ-ში კოლეჯის კამპუსზე თავდასხმის დაგეგმვაში. გარდა ამისა, გამოძიების მიხედვით, მან მოწმეს უთხრა, რომ სურდა ტერაქტის მოწყობა სავაჭრო ცენტრში და რესურსების ტყუილი ფლანგვა იქნებოდა, თუ თავდასხმა ბევრ ადამიანს არ იმსხვერპლებდა.

ელისონ ფლუკ-ეკრენს ბრალი წაუყენეს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის მიწოდებასა და მხარდაჭერის მიწოდების მიზნით შეთქმულებაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები