OneRepublic

საქართველოში, Black Sea Arena-ზე მაისში OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, შეკვეთილში Black Sea Arena იხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 მაისს სცენაზე ამერიკული პოპ-როკ ბენდის, OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე ბენდი მეხუთე სტუდიური ალბომით, Human-ით წარდგება. 

კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონდე მოქალაქეები შეძლებენ. ბილეთების შეძენა WWW.BSA.GE-ზე 28 იანვრიდან არის შესაძლებელი. 

OneRepublic 2002 წელს ჩამოყალიბდა, პირველ მნიშვნელოვან აღიარებას კი 2007 წელს, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც, სახელწოდებით Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება. 

OneRepublic-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური ალბომი Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, ბენდი კი ახალი თაობის ერთ-ერთ საყვარელ პროექტად იქცა.
 

 

კომენტარები