პოლიტიკური კრიზისი

ნოდია: ოცნებას არავითარი ევროპა და დასავლეთი არ უნდა, უბრალოდ, პირდაპირ ვერ ამბობს

ბიძინას წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე ჰყავს ტექნიკური იურისტები (კობახიძე, პაპუაშვილი), რომლებსაც პოლიტიკური კატეგორიებით ფიქრი არ ევალებათ და, ალბათ, არც შეუძლიათ (ზუსტად არ ვიცით, შეუძლიათ თუ არა, რადგან ეს მათგან არასოდეს მოუთხოვიათ). მათი მოვალეობაა გადაწყვეტილებების, ერთი მხრივ, სათანადოდ გაფორმება და, მეორე მხრივ, "გაპრავება". 

პაპუაშვილის ეს განცხადება ამგვარი "გაპრავების" მაგალითია. მან წმინდა ტექნიკურ-იურიდიული გამართლება მოუძებნა იმას, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია დაიფრინა. მიდი ახლა და ეძებე, სინამდვილეში რომელ წერილში რა წერია.

ცხადია, პოლიტიკურად ეს ყველაფერი აბსურდია: თუ ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრა გინდა, არავითარი ჩარჩო-შეთანხმება ამას არ სჭირდება, შეხვდი და დაელაპარაკე, თუნდაც იმაზე, როგორი ჩარჩოა საჭირო (თუ საჭიროა). არ ხვდები, იმიტომ, რომ არ გაწყობს, იმიტომ, რომ არ იცი, რა უთხრა, მაგრამ ამას ვერ ამბობ და ტექნიკურ ხრიკებს ეჭიდები.

ოცნებას არავითარი ევროპა და დასავლეთი არ უნდა, უბრალოდ, ამას პირდაპირ ვერ ამბობს. ამიტომ "ფორმატებზე" ლაპარაკით ჩხირკედელაობს. ეს შეუძლია პაპუაშვილს და ამისთვის დანიშნეს. 

ასე გამოეხმაურა პოლიტიკის მიმომხილველი, გია ნოდია პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამს, რომლითაც ის ცდილობდა, აეხსნა, რატომ არ შეხვდა ევროპარლამენტარებს და რატომ მოუწიათ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს თბილისში ვიზიტის გაუქმება პაპუაშვილის "მოუცლელობის" გამო. 

კომენტარები