აშშ-ს საელჩო

ელჩი: რუსეთისგან განსხვავებით, შტატები და ევროპა პატივს ვცემთ ქართველების რწმენას, ენას

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.

ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების  გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს  საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს  სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის  ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა.  რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან სრულიად განსხვავებით, შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისთვის მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. სიტყვა სრულად ნახეთ აქ

კომენტარები