რუსეთი

რუსული რუბლი მკვეთრად უფასურდება, ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის შეძენა შეწყვიტა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების გამო, საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე რუბლი სწრაფი ტემპით უფასურდება. 25 იანვარს ერთი ამირკული დოლარის ღირებულებამ 79 რუბლს მიაღწია, რაც ბოლო 14 თვის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესანელებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის შეძენის პროცესი დროებით შეაჩერა. ბანკის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირება რუბლზე არსებულ წნეხს შეამსუბუქებს და ვალუტის მერყეობას შეამცირებს.

როგორც წესი, ცენტრალური ბანკი რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებს. მაშინ, როცა ბარელი ნავთობის ფასი 44 დოლარს აჭარბებს, ცენტრალური ბანკი რუბლს დოლარსა და ევროში ცვლის. ამჟამად ნავთობის ღირებულება 86 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში ცენტრალურ ბანკს მნიშვნელოვანი მოცულობის ეროვნული ვალუტა აქვს გაყიდული.
 
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე, ვალუტის გარდა, რუსული აქტივებიც გაუფასურდა. MOEX Russia ინდექსის ფასი წელს 15%-ით შემცირდა, RTS ინდექსის ღირებულება კი 19%-ითაა შემცირებული.

"ოქტომბრის შემდეგ რუსული RTS ინდექსი 27%-ით გაუფასურდა, რაც პუტინის მიერ უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ის კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაუფასურდეს. 2008 წელს, საქართველოსთან ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, ინდექსის ღირებულება 80%-ით შემცირდა, თუმცა პუტინს ეს არ ადარდებს". – ამბობს სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე, ანდერს ასლუნდი.     
 
ექსპერტების შეფასებით, რუბლისა და რუსული აქტივების გაუფასურების მთავარი მიზეზი უკრაინასთან არსებული დაძაბული ვითარება და სამხედრო დაპირისპირების საფრთხეა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, მაღალი ალბათობით, რუსული აქტივები და ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება.     
 

კომენტარები