პოლიციელების ძალადობა

SJC: საგანგაშოა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ერთეულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს.

განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს პოლიციის მხრიდან ძალის აშკარა გადამეტების ერთეულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე.

დღეს გავრცელებულ კადრებში საზოგადოებამ იხილა სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა, რომლის წინაშეც მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე ადამიანი დაუცველი და ღირსებაშელახული იყო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ უგულებელყოფს პოლიცია ზრუნვისა და მხარდაჭერის მოვალეობას და ამის ნაცვლად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ჩაგვრის და საგულდაგულო დასჯის პრაქტიკას ეწევა. - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ "ნათელია, რომ ამგვარი პრაქტიკები არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები".

ეს შემთხვევები აჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს. საზოგადოებაში, მართალია ფრაგმენტულად, თუმცა დროდადრო მაინც ვრცელდება ინფორმაციები სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი პრაქტიკა უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია. სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა ადამიანთან ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება. - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინსტიტუციურმა რეფორმება მხოლოდ ნაწილობრივ გარდაქმნა სამართალდამცავი უწყებების მოქმედების ფორმები, ხოლო პოლიციის მხრიდან ძალადობის პრევენცია დღემდე ვერ გახდა პოლიტიკური კლასის მხრიდან არსებითი ცვლილების საგანი. ორგანიზაციის თანახმად, სისტემაში კვლავაც მძიმედ იგრძნობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ პოლიციის მგრძნობელობისა და ადამიანებზე ზრუნვის იდეის დეფიციტი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს:

  • დროულად და ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე იმ ინტენსივობით, რაც საფრთხეს არ შეუქმნის დაზარალებულის და გამოძიების ინტერესებს;
  • მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის წესრიგში დააყენოს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და შექმნას სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია, უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის კუთხით მიღებულ ზომებზე.

ტელეკომპანია პირველის ცნობით, პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები