მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მადლობა მეუფეს შინაპატიმრობის ინიცირებისთვის, მაგრამ არანაირ პატიმრობას ვიღებ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა  კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის სიტყვებს მის საკუთარ ეპარქიაში შინაპატიმრობის სივრცის გამოყოფასთან დაკავშირებით. 

სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს მადლობა გადაუხადა შინაპატიმრობის ინიცირებისთვის, თუმცა დაამატა, რომ მისთვის ნებისმიერი სახის პატიმრობა მიუღებელია.

სააკაშვილი წერს:

ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო "განაჩენებზე".

ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.

ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა - ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე.

"თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაც სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ", – თქვა მეუფე ნიკოლოზმა 19 იანვარს.

კომენტარები